პაციენტის უფლებები
Synopsis
თანამედროვე მედიცინის განვითარებამ და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა სამართლის დამოუკიდებელ დარგად სამედიცინო სამართლის ჩამოყალიბება. მართალია, სამედიცინო სამართალსა და ჯანმრთელობის დაცვის სამართალს ხშირად სინონიმებად მოიხსენიებენ, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის სამართალი ბევრად ფართოა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის სისტემის ორგანიზება, ფინანსირება და ა.შ., ხოლო სამედიცინო სამართალი, ძირითადად, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების გამწევს შორის ურთიერთობას აწესრიგებს1 და პაციენტის ინდივიდუალურ უფლებებს იცავს. ამასთან, სამედიცინო სამართალი არ მიეკუთვნება კონკრეტულად საჯარო ან კერძო სამართალს, იგი მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლისათვის,2 ყველაზე მეტად კი, პაციენტის უფლებები ადამიანის თვითგამორკვევის უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შინაარსში განიხილება.