თვითშემეცნების პრობლემა და „დავითიანის“ არქიტექტონიკა
Synopsis
დავით გურამიშვილის „დავითიანს“, თავისი მხატვრულ-ესთეტიკური, რელიგიურ-მისტიკური, ისტორიული, ფილოსოფიური, ინტერკულტურული სიღრმეებიდან გამომდინარე, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეებში აქტუალობა არ დაუკარგავს. ტექსტის ისტორიულ-ლიტერატურული თუ რელიგიურ-ფილოსოფიური კონტექსტი მრავალმხრივაა შესწავლილი. ამ მხრივ გასათვალისწინებელია კ. კეკელიძის, ალ. ბარამიძის, ს. ცაიშვილის, ლ. გრიგოლაშვილის, რ. ბარამიძის, რ. სირაძის, ნ. ნათაძის, ტ. მოსიას, გრ. ფარულავას, ე. ხინთიბიძის, ნ. სულავას, მ. ღაღანიძის, რ. ღლონტის, ვ. ამირხანაშვილის, გ. მურღულიას, ლ. დათაშვილის, მ. ნაჭყებიას და სხვათა შრომები.
დავით გურამიშვილის მხატვრული სამყაროს შესახებ სათანადო კვლევა-ძიება დღესაც მიმდინარეობს. „დავითიანის“ თვითშემეცნების საკითხისა და ტექსტის საერთო სტრუქტურასთან მისი მიმართების შესახებ თითქმის ყველა დასახელებული ავტორი შენიშნავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკითხის საფუძვლიანი შესწავლის და ფართო სპექტრით გაანალიზების თვალსაზრისით, წიგნში წარმოდგენილი კვლევა ბევრ საყურადღებო სიახლეს შეიცავს.
წინამდებარე წიგნის მიზანია „დავითიანის“, როგორც თვითშემეცნების თემაზე დაწერილი ნაწარმოების, მხატვრული ანალიზი და კრებულის აღნიშნულ პრობლემატიკაზე დამყარებული სტრუქტურული მთლიანობის პრინციპების კვლევა, რაც, ვფიქრობთ, დავით გურამიშვილის პოეზიის ახლებური გააზრების მცდელობაა და თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
წიგნი საინტერესო იქნება ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, დავით გურამიშვილის შემოქმედების შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
